
რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე სომხეთში დამხმარე ძალის გასაგზავნად გამოიყენოს. მისი თქმით, აზერბაიჯანს და თურქეთს რეგიონში სამხედრო რევანში სურთ, ამიტომ მოსკოვმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი ქვეყანაა.
"გასაგებად უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მან მშვიდად უნდა მიიღოს ის რომ, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნება. ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან საუბარია კავკასიაში ბოევიკების შეღწევაზე, რაც დააზარალებს რუსეთსა, საქართველოსაც და ყველას. ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ", - ამბობს ზატულინი.
ექსპერტების აზრით, რუსეთს მხრიდან საქართველოს ტერიტორიის გამოყენების მცდელობა რეგიონული მშვიდობის დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯია, თუმცა ისინი ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირებას არ ელოდებიან.
"რუსეთი შეეცდება, რომ საქართველო ჩართოს და გამოიყენოს და ამით ორი კურდღელი მოკლას. ერთი თავისი ინტერესები განახორციელოს რეგიონში და მეორე ანახოს ყველას რეგიონში, რომ საქართველოს მთავრობა ბოლომდე დამოკიდებულია რუსეთზე. ასევე ანახოს დასავლეთ, რომ საქართველო არ არის საიმედო პარტნიორი და რუსეთი იმას გააკეთებს რასაც მოუნდება", - ამბობს ბათუ ქუთელია.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე ორჯერ, 10 და 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.