
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი Twitter-ზე მთიანი ყარაბაღის კიდევ 13 სოფლის გათავისუფლებას და ირანთან სახელმწიფო საზღვრის სრული კონტროლის აღდგენას იუწყება.
"აღბანდის დასახლების გათავისუფლებასთან ერთად, აზერბაიჯანსა და ირანის ილსამურ რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე სრული კონტროლი მოვიპოვეთ", - წერს ილჰამ ალიევი.
ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთიდან, თავუშისა და სიზიანის რეგიონებიდან მთიან ყარაბაღში ჩამოყვანილმა სამხედროებმა ბრძოლებში ჩართვაზე უარი თქვეს და თავიანთი პოზიციები დატოვეს.
სომხეთში ამ ფაქტს არ ადასტურებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სამხედრო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"აზერბაიჯანულმა არმიამ ქალაქები ასკერანი და მარტუნი დაბომბა. საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე ორჯერ, 10 და 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.