სომხების წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაული - პუტინი ყარაბაღის კონფლიქტზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყარაბაღის კონფლიქტს "სომხების წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაული" უწოდა.  "ვალდაის" სადისკუსიო ფორმატში, პუტინმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის დაპირისპირების მოგვარებაში მის მსგავსად დაინტერესებული არავინაა.

"ეს კონფლიქტი დაიწყო არა ტერიტორიის, არამედ, ეთნიკური დაპირისპირების გამო. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ სომეხი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი დანაშაული იქნა ჩადენილი ჯერ სუმგაითში, შემდეგ კი - მთიან ყარაბაღში", - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პოზიცია მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თურქეთისგან განსხვავებულია.

"თუ 30-წლიანი მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ცეცხლი უნდა გახსნან", - თქვა პუტინმა.

როგორც ვლადიმერ პუტინი ამბობს, მას ხშირი კონტაქტი აქვს როგორც სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ისე - აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

"რუსეთი სამხედრო ალიანსშია სომხეთთან, მაგრამ, ასევე, მჭიდრო კავშირი აქვს აზერბაიჯანთანაც", - ამბობს პუტინი.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. ვლადიმერ პუტინის თქმით, კონფლიქტში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 5 000-ს აღწევს. დაბომბილია დასახლებული პუნქტები. 

სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე ორჯერ, 10 და 18 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი