ბათუმის 44-ე საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც არჩევნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ.
ერთ-ერთმა კოორდინატორმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მიუხედავად ამისა, საეჭვო პირები კვლავ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.
"ამას არ ჰქვია არჩევნები. ყველა უბანზე, ყველგან ბათუმში, კორიდორი აქვთ მოწყობილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და ისინი ატერორებენ იმათ, ვიზეც აქვთ ინფორმაცია, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციას", - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
დარღვევა აჭარის არაერთ უბანში დაფიქსირდა. ქედაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს საწვავის ტალონებიც დაურიგეს. ბათუმის რამდენიმე უბანში არჩევნებზე მისულ ადამიანებს ხელმოსაწერი გრაფა უკვე ხელმოწერილი ხვდებოდათ.
არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, ძალოვნები და კრიმინალები შერწყმულად მოქმედებენ და ხელისუფლების დავალებას ასრულებენ.
ცნობისთვის, დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში,ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონშიც.
დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.