"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრის, თამარ კორძაიას თქმით, არჩევნების დაკვირვების სისტემაზე დღეს კიბერთავდასხმა განხორციელდა.
"ის სისტემა, რომელიც გამყალბებლების ამოცნობისთვის იყო შემუშავებული მედიასაშუალებების მიერ, 1 საათის განმავლობაში დაჰაკული იყო", - თქვა თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიას ინფორმაციით, დმანისში, საარჩევნო უბნებზე, დაძაბულობის გამწვავება იგეგმება. პროცესებს "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს.
ასევე, მარტვილში ჩაყვანილია სპეცრაზმის წარმომადგენლების 2 ავტობუსი. როგორც თამარ კორძაია ამბობს, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, მარტვილში არჩევნები წაგებული აქვს.
დარღვევაა საბურთალოს 48-ე უბანზეც, სადაც ერთ-ერთმა ამომრჩეველმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანა.
"ბიულეტენები, სავარაუდოდ, გამოიყენება "კარუსელის" გასაკეთებლად", - ამბობს თამარ კორძაია.
გარდა ამისა, დუშეთში გადასატანი ყუთი 2 ადამიანს არ მიუტანეს, თუმცა, მათი ხელმოწერები სიაში აღრიცხეს.
შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, დარღვევა დღეს რამდენჯერმე დაფიქსირდა. ზოგიერთი მათგანი "ცესკომ საერთოდ არ დაარეგისტრირა, ზოგიერთი კი - გადასატანი ყუთით სარგებლობასთან ერთად, საარჩევნო უბანზეც მივიდა.
დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.