კობახიძის სუს-ში მისვლის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვების სერია დაიწყო. ამ წუთებში დაკითხვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" და "ანტიკორუფციული საბჭოს" დამკვირვებლები იმყოფებიან.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კახა ლომთათიძე არის დაბარებული გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ახორციელებდა დაკვირვებას არჩევნებზე და არ ვიცი კონკრეტულად რა საკითხზე არის დაბარებული", - ამბობს კახა ლომთათიძის ადვოკატი.
პარლამენტის გადაყენებული თავჯდომარის შემდეგ ოპოზიციონერები რევოლუციური სცენარით მოქმედებაში მამუკა მდინარაძემაც დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ წინასწარ იცოდა, ვინ და რომელ უბანზე იქნებოდა არჩევნების პროცესში ხელის შემშლელი.
"ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია რასაც დღეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მათ შორის ირაკლი კობახიძემ მიუთითა წყაროს შესახებაც, მიუთითა დეტალურად სახელი და გვარები ვინ იღებს ამ დესტრუქციის მცდელობაში მონაწილეობას დანარჩენი მათი გადასაწყვეტია", - ამბობს მდინარაძე.
ირაკლი კობახიძე გუშინ, 5 ნოემბერს სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში "გადატრიალებას" გეგმავდა. კობახიძემ თქვა, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კობახიძე ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია "შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავდა".
არჩევნებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო.
2014 წლიდან, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული ეს უკვე მეოთხე საქმეა, თუმცა ამ დრომდე არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიბეული არ არის.