დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე, საარჩევნო დარღვევებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი თქმით, გაყალბებული და დაუბალანსებელი ოქმების გამო, დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.
საილუსტრაციოდ ანა დოლიძემ სასამართლოში თონის პურიც მიიტანა:
"მე მათ მოვუტანე ეს შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ყველა მოსამართლემ, მურუსიძე-ჩინძალაძის სისტემისა და თამარ ჟვანიამაც კარგად უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ გავასაჩივრეთ ყველა ოქმი და ყველა გადაწყვეტილება საოლქოსი იმიტომ, რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა ვერც ერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა" - თქვა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პირველად გამოქვეყნებული მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებში, მეორე ტურში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 9 ხმით დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე უგებდა. მოგვიანებით, ეს მონაცემები თავად ცესკომ შეცვალა. მეორე ტურში "ქართულ ოცნებას" და გია ვოლსკის "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, საარჩევნო დავების განხილვას სასამართლოში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებიც აგრძელებენ. საარჩევნო დარღვევებზე სარჩელით სასამართლოს გუშინ "ენმ"-მა და "ევროპულმა საქართველომაც" მიმართა.
საოლქო საარჩევნო კომისიებმა ოპოზიციის 344 საჩივარი განუხილველად დატოვეს.
უგულებელყოფილია ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების 90%-იც.