გამოხატვის თავისუფლება რომ აიკრძალოს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ მთავრობის მიერ კომენდანტის საათის დაწესება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

"კომენდანტის საათი რომ გამოცხადდეს და ჩვენ გამოხატვის თავისუფლება აგვეკრძალოს, ან საომარი სიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში და ან - საგანგებო. არც ერთია და არც - მეორე", - თქვა ხაბეიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ასევე, ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ ახალი შეზღუდვების დაწესება საპროტესტო გამოსვლების შეჩერებას ემსახურება და არა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

"ადამიანის ჯანმრთელობაზე რომ ფიქრობდნენ, როგორ გგონიათ, გუშინ წყლის ჭავლით ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ? სულელები ხომ არ ვართ, რომ აი, კოვიდის გამო აკეთებენ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ადამიანები არ შეიკრიბნონ, აქციები არ იყოს და 10 საათზე ბიძინას უპატაკონ, რომ ბატონო ბიძინა, მთელ ქვეყანას სძინავს და თქვენ იყავით მშვიდად", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პოლიციის ფორმაში გადაცმული ადამიანები დღეს ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პირადი მცველები არიან. მათ დღეს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუა აღარც ახსოვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსთაველის აქციის მონაწილეებს გასათბობად მოტანილ შეშას ართმევენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) შეიზღუდა.

დღეს კი, ახალგაზრდა აქტივისტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 22:00 საათის შემდეგაც რჩებიან. მათ გასათბობად მომარაგებულ შეშას პოლიცია ართმევს. ამავე საღამოს დააკევს 4 აქტივისტი, მათ შორის მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები - ნოდო რუხაძე, გიორგი მჟავანაძე და ლექსო მაჭავარიანი. უკვე ცნობილია, რომ მათი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართება.

აქვე, ახალგაზრდა აქტივისტებს, პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ - ელექტრო გამათბობლების მიტანა ურჩია რუსთაველის გამზირზე. 

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებამ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვა ისე, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილა. 

შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება. მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი, ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების გაფრთხილება ვერ მოესწრო. 

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელეს სახალხო დამცველმა"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ""სამართლიანმა არჩევნებმა" და თქვეს, რომ პოლიციას პროპორციული ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლო და ის ვალდებული იყო, გაეცა გაფრთხილება აქციის მონაწილეებისათვის.

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი