გვიან ღამით დაჯარიმებულთა ქვითრებს აგროვებდნენ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე - გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის წესის დარღვევისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრდება.
ლელოს ერთერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის, განმარტებით, მოქალაქეები 2000 ლარით უკანონოდ დააჯარიმეს და ქვითრები პირველი ინსტანციის სასამართლოში შევა.
"ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილ მშვიდობიან ადამიანებს გამოუგზავნა 2000-ლარიანი საჩუქარი ჯარიმის სახით. ამას არ შევეგუებით, დავიწყეთ იურიდიული საქმიანობა - საჩივრების წერა", - ამბობს კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ დაჯარიმებულებს შორის არიან აქტივისტები, სტუდენტები, "ენმ"-ის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე.
თავის მხრივ, შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უწყება დააიდენტიფიცირებს ყველა კანონის დამრღვევს და 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში დარჩენის გამო ფიზიკურ პირს 2000 ლარიანს იურიდიულ პირს კი 10 000 ლარიან ჯარიმას გამოუწერს.