"რუსეთი აფხაზეთისთვის ნომერ პირველ პარტნიორად რჩება" – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სოჭში, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრის დროს.
"გვაქვს შესაძლებლობა არ ვიჩქაროთ და მშვიდად ვისაუბროთ, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში. სამწუხაროდ პანდემია ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, თუმცა, უდავოა, რუსეთი რჩება პირველ პარტნიორად აფხაზეთისთვის" – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
პუტინმა ბჟანიას შესთავაზა დიალოგის გზით შეთანხმდნენ საკითხებზე, რაზეც ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ, ბჟანიამ კი, ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიპატიჟა: "თქვენ ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ჩვენთვის, მინდა სტუმრად დაგპატიჟოთ აფხაზეთში" – უთხრა ბჟანიამ პუტინს.
ასლან ბჟანიასთან ოფიციალური შეხვედრისას, პუტინმა, ასევე თქვა, რომ აფხაზეთის ეკონომიკური ბრუნვის წილიდან 70% რუსეთზე მოდის, რადგან, რუსეთ–აფხაზეთს შორის ტურისტული, აგრო და ტელეკომუნიკაციური კავშირებია. როგორც პუტინმა თქვა, რუსეთი აფხაზეთს პანდემიის მართვაში რუსი ექიმებით ეხმარება და გამოყო გუდაუთის საავადმყოფო, სადაც მისი თქმით, რუსი ექიმები სარისკო წითელ ზონაში მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ პუტინსა და ბჟანიას შორის შეხვედრა გუშინ რუსეთის ოფიციალურ უწყებათა პრესსამსახურებმაც დაანონსეს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ყარაბაღის რეგიონს უკავშირდება. მთიან ყარაბაღში დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები.
9 ნოემბერს კი, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი მოაწერა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ყარაბაღში რუსული "სამშვიდობო ძალები" შედიან.
აქვე, პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის სატელეფონო დიალოგი ბოლოს 10 ოქტომბერს შედგა. ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.