პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს აკაკი ხუსკივაძის მეუღლე მისი ქმრის დაკავებას ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გარდაცვლილ თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით.
ნათია მეტონიძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას ამბობს რომ ხუსკივაძე იმ განცხადებების გამო ისჯება, რომელიც მან "მთავარი არხის" ეთერში, გაყალბებული არჩევნების შემდეგ გააკეთა და სისტემა ამხილა.
ხუსკივაძემ და კობალაძემ გადაცემა "დღის სტუმრის" 6 ნოემბრის ეთერში, გაყალბების სქემებზე ისაუბრეს
ჩემი მეუღლე 3 წლიდან იზრდება მამის გარეშე. არ ჰყოლია გავლენიანი ბიძა, გავლენიანი ნათესავები, რასაც მიაღწია მიაღწია თავის შრომით. მას არ ჰყოლია დედმამიშვილები და მეგობრები მისთვის იყო ყველაფერი. ზაალიშვილს ეტყობა მეგობრები არ ჰყავს და არ იცის მათი ფასი და ამიტომ დაადო ხელი ასე უმოწყალოდ. თედო და ორივე აკაკი 25 წელია მეგობრები და ნათელმირონები არიან. ჩვენს ოჯახში არ ყოფილა არც ცუდი არც კარგი ისინი ჩვენს გვერდში არ ყოფილიყვნენ. თედოს სახელი გამოიყენეს და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყეს, რაც მისთვის წმინდა იყო. ბინძური პოლიტიკის გამო გამოყენეს მათი სახელი და მათი 25 წლიანი მეგობრობა და ერთ წამში ხაზი გადაუსვეს" ამბობს ხუსკივაძის მეუღლე.
შეგახსენებთ რომ სწორედ ზაალ ზაალიშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს თედო გობეჯიშვილის ბავშვობის ორივე მეგობარი. თავად ზაალიშვილმა კი ისნის საოლქო კომისიაში თანამდებობა მიიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ მხოლოდ დროებით - არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე.
ზაალიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.
უშუალოდ თედო გობეჯიშვილის ადგილას კი ასევე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირი - ფიქრია ნიკოლაიშვილი დაინიშნა. ერთ ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია მისი დაც - ელისო ნიკოლაიშვილი, ხოლო სიძე - იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც ისანში, თითქმის ყველა ძვირადღირებულ ტენდერს იგებს.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
პარალელურად ხელისუფლებამ მისთვის ჩვეულ მეთოდებს მიმართა და აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.