გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არჩევნები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც თავისუფალი და კონკურენტული, თუმცა კითხვაზე, მაშინ რატომ გაჩნდა შეკითხვები და ეჭვები სახ.დეპის დოკუმენტში, თუ ყველაფერი რიგზე იყო, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი ის "მეზობელია", რომლის დასკვნასაც არ შეიძლება, საზოგადოება დაეყრდნოს.
"ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება ჩვენ მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს, მაგალითად. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც ვიღაც აწვდის ინფორმაციას. მთავარი არის ფაქტი - მთავარი ხომ ის არის, ქმარმა ცოლი სცემა თუ არ სცემა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია. ეს რას ნიშნავს? მე გეუბნებით იმას, რომ ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არ არის?", - თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეარხ რუსთავი 2-ზე.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევა, რომლის მიხედვითაც, 31 ოქტომბრის არჩევნებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.
არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე - ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა - განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომ.
ამომრჩევლებზე ზეწოლასა და ასევე, სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს შორის ზღვრის არარსებობაზე საუბარია ევროკავშირის განცხადებაშიც.
ამასთან, 18 ნოემბერს, გამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის ტრანსკრიპტიც, სადაც ოფიციალური პირები 31 ოქტომბრის არჩევნების ფატალურ დარღვევებსა და "ცესკოში" მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობენ.