თავდაპირველად არ ჩანდა, რომ არჩევნები ფატალურად გაყალბდა - სახ. დეპარტამენტის ოფიციალური პირი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არც პრესკონფერენცია გაუმართავს და არც ადგილობრივ ან უცხოელ ჟურნალისტებთან უსაუბრია. აქედან გამომდინარე, უცნობია, რა იყო პომპეოს სტუმრობის კონკრეტული მიზანი ან რა საკითხებზე ისაუბრა მან შეხვედრებისას.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტი პროტოკოლურ ჩანაწერს ავრცელებს, მისი მონაწილეები გაშიფრულები არ არიან, თუმცა ტექსტის შინაარსი გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. 

ერთერთი დაშიფრული მოსაუბრე, სავარაუდოდ, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანია, რომელიც საუბარში ქვეყნის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. დეგნანი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ არც კი იცოდნენ, რომ ამდენად ფატალური დარღვევები გამოვლინდებოდა. როგორც ჩანს, დარღვევებმა, რომლებიც ოპოზიციამ და NGO-ებმა მიაწოდეს საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გავლენა იქონია და არჩევნების სურათი შეცვალა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გაასაჩივროს დარღვევები იმ კანონიერი გზებით, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სასამართლო სისტემისა და "ცესკო"-ს მიმართ ნდობა არ აქვს", - ვკითხულობთ ინტერვიუში. 

ოპოზიციის წევრები სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორების მოლოდინი ქვეყანაში სამართლებრივი პროცესის ობიექტურად მუშაობაა. 

"ამერიკელებს კი სურთ, რომ საქართველოში გამართულად მუშაობდეს სამართლებრივი პროცესი, მაგრამ ისინი კარგად ხედავენ, როგორც უკუაგდებს ოპოზიციისა და არასამთავრობოების საჩივრებს სასამართლო", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა. 

"საჯარო განცხადება დამატებით ინტერპრეტაციებს არ საჭიროებს, ყვეალფერი მკაფიოდ ნათქვამია. ისინი აზუსტებენ იმ მძიმე სურათს, რაც საქართველოშია", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია. 

არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ უნდობლობაზეც ისაუბრეს. 

აქვე შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში. 

პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. 

ამის პარალელურად კი, ოპოზიცია დილის 11 საათიდან აქცია მსვლელობებს მართავდა. მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი