საქალაქო სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია სათაურით გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სინამდვილეში კი გარდაცვლილის მეგობრები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე პატიმრობაში ქრთამის მიცემის, იძულებისა და მუქარის მუხლით იმყოფებიან. ადვოკატების შეფასებით, ეს იმ პროპაგანდის ნაწილია, რომლსაც გობეჯიშვილის გარდაცვალების დღიდან ხელისუფლება მიმართავს.
"სასამართლოს უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია და დაწერილი გადაწყვეტილება აქვს ამ საქმეზე და წინასწარ, დადგენილ ფაქტად იღებს პროკურატურის ვერსიას, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა, როცა ამგვარ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო წინასწარ პოზიციებს გამოხატავს, მეორე მხრივ მთლიანად ყველა შტო ჩართულია, რომ საზოგადოების აზრი დაკავებულების წინააღმდეგ ფორმირდეს და საქმე მკვლელობასთან დააკავშირონ", - ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
ადვოკატ ბექა ბასილიას თქმით, ეს წინასწარ გათვლილი და დადგმული ნაბიჯია, რომ პროპაგანდისტულ სახელისუფლებო არხებზე ამ ფორმით ინფორმაცია გაევრეცელებინათ.
"მინდა მივმართო მთელ სასამართლო კორპუსს, ამ სამარცხვინო ხაზსს არ გაჰყვეთ", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატები აპირებენ სახალხო დამცველს და ამ საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებს მიმართონ და საქმის კურსში ჩააყენონ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
პარალელურად ხელისუფლებამ მისთვის ჩვეულ მეთოდებს მიმართა და აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.