"დღეს დუმილი სირცხვილია" - კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ. 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ 2 მეცნიერი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება და მათი დაკავება წინასაარჩევნო, ბინძური კამპანიის ნაწილი იყო, რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.

დღევანდელ აქციას შეუერთდა ბაჩანა შენგელიაც, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი. შენგელია ამბობს, რომ დაკავებული მეცნიერები წინასწარ პატიმრობაში დატოვა იმ მოსამართლემ, რომელმაც მას (შენგელიას) დედის გარდაცვალების შემდეგ დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭა:

"დავით კურტანიძე, რომელმაც მიუსაჯა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, იყო დედაჩემის, ია კერზაიას საქმეზე ასევე, რომელმაც დაზარალებულად არ მცნო მე, როგორც მისი შვილი. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის სისტემური პრობლემა, როდესაც ყველა გახმაურებულ საქმეზე პროკურატურა იყენებს ესეთ სადამსჯელო მეთოდებს და როგორც თავის დროზე ჩემს საქმეზე გააკეთეს, ასევე, ტყვეობაში ჰყავთ დღეს ივერი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა", - ამბობს ბაჩანა შენგელია. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ზალკალიანის უწყება, სადაც კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები მუშაობდნენ, ადვოკატებს წერილებზე არ პასუხობს და მათ საქმეში არსებული მნიშველოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს. 

მათი თქმით, ხელისუფლებამ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ორი ადამიანი გაწირა.

"ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ ეს არ არის რაიმე იდეოლოგიური დაპირისპირების, პოლიტიკური პრეფერენციის და ათასი სხვა მოგონილი თემის საკითხი. აქ გადის ზღვარი ადამიანობა-არაადამიანობაზე. ყველა ვხედავთ, როგორ უსამართლოდ ჭყლეტს სისტემა ორ უდანაშაულო ადამიანს და როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იქცევა, რომ დაცვის მხარეს მასალებზე წვდომას არ აძლევს, ასე უტიფრად იღებენ მონაწილეობას ადამიანების გაჭყლეტაში, ისღა დაგვრჩენია, რომ თავისი სახელი დავარქვათ. აუცილებლად ვიხილავთ ამ ადამიანებს გარეთ და ყველამ იცოდეს, რომ ახლა რომელ მხარეს დგას, აქ გავავლებდი პირობით საზღვარს მორალურ-ამორალურობას შორის" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი. 

"შემდეგი იქნები შენ" - მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია საგარეოსთან

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვენ, პროკურატურა კი სასამართლოს წინასასამართლო სხდომის გადადებას სთხოვს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი