პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED სიცრუეში დაადანაშაულა - მისი თქმით, ხარვეზი პარალელური დათვლის შედეგებში მიზანმიმართულად ემსახურებოდა საზოგადოების გაურკვევლობაში შეყვანას.
კობახიძემ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ელენე ნიჟარაძეს, მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში წარმოადგინოს იმ კონკრეტული უბნების ჩამონათვალი, სადაც - ISFED-ის აზრით - დარღვევები დაფიქსირდა.
ელენე ნიჟარაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება უსაფუძვლოა და "ოცნება" ისრების გადატანას NGO სექტორზე ცდილობს.
"სამართლებრივი დავა გვქონდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართეთ და ვითხოვდით გადაეთვალათ უბნები, სადაც პრობლემები დაფიქსირდა, რათა საზოგადოებას ენახა და მიეღო პასუხები, თუ რამ გამოიწვია დარღვევები - იყო ტექნიკური ხარვეზი, თუ გაყალბება. მათ ეს არ განახორციელეს, საჩივრები მიზანმიმართულად არ დააკმაყოფილეს და ამან გააძლიერა ეჭვები, რომ სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი და საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობდა მათ დამალვას. მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და მმართველმა პარტიამ, გარდა დისბალანსებისა, ბევრი კითხვა არსებობდა არჩევნებთან დაკავშირებით. მათ არ გასცეს ამათ პასუხი და ბოდიში უნდა მოიხადოს მმართველმა პარტიამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ. პოლიტიკური კრიზისი მათი გამწვავებული და შექმნილია", - ამბობს ელენე ნიჟარაძე.
მესამე სექტორის შეფასებით, "ქართული ოცნება" ISFED-ზე ზეწოლას ახდენს, რადგან მმართველი პარტიის სურვილია, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს სამოქალაქო სექტორი.
"ოცნებაში" გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის განცხადებები ასეთია:
შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ".