ხელისუფლების თავდასხმა და მუქარა NGO-ებზე - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მწვავე განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი  ISFED-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ISFED- ზე და მთელ სამოქალაქო სექტორზე ნაცვლად იმისა, რომ ჯანსაღი დისკუსია იყოს, თავდასხმებია.

განცხადებაში ირაკლი კობახიძის მუქარაზეცაა საუბარი, როცა პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე მესამე სექტორს გამოძიების დაწყებით დაემუქრა

"მივიჩნევთ, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე დისკუსია წარიმართა არაჯანსაღად – იმის ნაცვლად, რომ მოხდეს კონკრეტული ფაქტების განხილვა,  ხდება ორგანიზაციის მთლიანი საქმიანობის დისკრედიტაცია და ხორციელდება თავდასხმები არა მხოლოდ ISFED- ზე, არამედ მთელ სამოქალაქო სექტორზე. მათ შორის, ნახსენები იყო შესაძლო გამოძიების დაწყება ფაქტთან დაკავშირებით. მისასალმებელია, რომ აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ ორგანიზაციამ საჯაროდ განაცხადა. ISFED უკვე 25 წელია ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მონიტორინგს ახორციელებს და ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციას მიეცემა საშუალება უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა და აღნიშნული ხარვეზის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.", - წერია განცხადებაში 

HRHF-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების რიტორიკა დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობენ და დემოკრატიის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ:

"განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ არასამთავრობო სექტორზე გახშირებულ თავდასხმებსა და შევიწროებაზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ დამკვიდრებულ ნეგატიურ კონტექსტზე, მსგავსი რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას და მის ფუნქციას, დაიცვას ადამიანის უფლებები, იზრუნოს ქვეყანაში დემოკარატიის მშენებლობასა და კანონის უზენაესობის  უზრუნველყოფაზე", - ნათქვამია განცხადებაში

დღეს, 14 დეკემბერს, ISFED-ის დონორმა ორგანიზაცია USAID-მაც გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ორგანიზაცია მიესალმება ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის. 

აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაცია ISFED-ის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზის შესახებ პირველად დონორ ორგანიზაცია USAID-ს აცნობეს. 

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.

12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". 

საყურადღებოა ფაქტი, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა, გუნდის ლიდერებმა კი მათთან შეხვედრა შედეგების შესწორებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი