გირაოთი გათავისუფლებული ისნის საოლქო კომისიის წევრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ცილისწამებაში ადანაშულებენ.
"სასაცილოც გახდა ბრალდებები, როდესაც საერთოდ პროკურატურაც აღარ გვედავება, მხოლოდ კობახიძე თავის პოლიტიკურ განცხადებებში ახსენებს ამას, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტს, პროკურატურას ბრალდებიდანაც კი მოხსნილი აქვს და საერთოდ აღარ ჟღერდება ეს და ჩვენ წაყენებული გვაქვს ბრალი მხოლოდ ქრთამის შეთავაზებასა და ზეწოლაზე, ეტყობა მათ ესე ჭირდებათ", – ამბობს აკაკი კობალაძე.
შესაძლოა ადვოკატებმა კობახიძის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანონ. უფლებადამცველების შეფასებით, კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა და ბრალდებულების რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
"ზოგიერთი პოლიტიკოსის აბსოლუტურად უსინდისო და უტიფარ ტყუილს გავცემთ პასუხს, ეს განცხადება არის ამორალური, რადგან აბსოლუტურად არარელევანტურ ბრალდებას, რომელიც არ ფიგურირებს საქმეში, უყენებს უდანაშაულო ადამიანებს, რომ გამოიწვიოს საზოგადოებაში აგრესია, განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ირაკლი კობახიძის ცილის წამებისთვის აღვძრათ სასამართლოში საქმე" – ამბობს აკაკი კობალაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე
დღესვე საქალაქო სასამართლოში აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულების ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კობახიძემ დამნაშავეებად გამოაცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმესა და ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ პირები.
"ენმ"-ის 2 აქტივისტის ზეწოლის გამო ახალგაზრდა ადამიანი რამდენიმე საათში გარდაიცვალა - კობახიძემ ეს განცხადება თედო გობეჯიშვილზე 8 ნოემბერს გააკეთა.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომმდე ერთი დღით ადრე, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კობალაძე-ხუსკივაძის გათავისუფლება ბოიკოტის პირველი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, დააკავეს და თედო გობეჯიშვილისთვის, ქრთამის შეთავაზება, ჯგუფურად ჩადენილი იძულება და მუქარა დააბრალეს.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს.