მოინდომა, ქველმოქმედური პიარით გადაფაროს დანაშაული – ოპოზიცია კალაძის საჩუქარზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები, კახი კალაძის ბრძანებით აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევის შემდეგ, კალაძის მხრინდანვე იმ მამა–შვილისთვის ბინის ჩუქებას, რომელთა ფოტო გუშინ  ფეისბუქზე გავრცელდა, კალაძის მხრიდან პიარულ სვლად და დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობად აფასებენ.

"კახი კალაძის მხრიდან, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი პიარსვლა, მან ნახა, რომ საზოგადოების გულებზე გაიარა ამ ფოტომ და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს მისცეს სახლი. იმ ადამიანებს რა ეშველებათ ვისი ფოტოებიც ასე არ მოხვდა და ასეთი აჟიოტაჟი არ გამოიწვია. კალაძემ, რომელმაც ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგა, გუშინ კორონა პანდემიის პირობებში, ახალი წლის მოლოდინში ადამიანები დაყარა ღია ცის ქვეშ და გადაწყვიტა, რომ ამ ერთი ბინით გამოისყიდოს თავისი დანაშაული", –ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ქვეყნაში იმ მამა–შვილის მსგავსად, რომელთაც კალაძემ ბინა აჩუქა, უსახლკარობის პრობლემა ათასობით სხვა ოჯახს აქვს. 

"კალაძე პიარიდან პიარამდე ცხოვრობს, ის მიხვდა, რომ ძალიან მძიმედ დატრიალდა ეს ყველაფერი, მხოლოდ პიარის კუთხით შეხედა ამ ყველაფერს და მოინდომა, რომ ქველმოქმედური პიარით გადაეფარა დანაშაული. ათასეულობით ასეთი ოჯახი არის ანალოგიური პრობლემებით ",– ამბობს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

სახლების ნგრევას და კორონავირუსის პანდემიისას მოსახლეობის სიცივეში გარეთ დატოვებას უარყოფითად აფასებენ ჯანდაცვის ექსპერტები. 

"ასობით ადამიანს გარეთ დატოვებს ყინვაში, პანდემიის პირობებში და მერე ბინას ერთს აჩუქებს, ასეთ იაფფასიან ტრიუკებს აღარავინ ჭამს საქართველოში" , – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი და "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, სერგო ჩიხლაძე.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ გუშინ, აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევა, ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება იყო.

"გუშინ რა კადრებსაც ვუყურეთ და ამ საზარელ ვითარებას, ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება არ ზრუნავს ადამიანზე და მისი მთავარი ფასეულობა არ არის ადამიანი. რაც არ უნდა უკანონო მიწები იყოს ასეთ ვითარებაში, პანდემიის დროს ზამთარში ასეთი ტიპის მოპყრობა, ძალის ჩვენებაა" , – ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"ეს იყო სამაგალითო დასჯა ამ ადამიანების, მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ჩვენს მოქალაქეებთან სხვაგვარ ურთიერთობას გარდა ძალისა, ამ ხელისუფლებას ენის მოჩლექვით არ უნდა ვესაუბროთ" –ამბობს "ენმ"–ს პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ქართული ოცნების წარმომადგენელი, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ მისთვის კანონის აღსრულება მძიმე საყურებელი იყო.

"გამიჭირდება, რომ მოვიწონო ესეთი ქმედებები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, ვფიქრობ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც წინ უძღოდა უშედეგოდ დამთავრებული მოლაპარაკებები, ეს შენობები, რომელნიც დაანგრიეს, არც ერთი არ იყო საცხოვრებელი, ადამიანები იქ არ ცხოვრობდნენ" – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი დავით სერგეენკო.

აფრიკის დასახლებაში ნგრევის შემდეგ განვითარებულ მვოლენებს არჩილ თალაკვაძე კახი კალაძის წინააღმდეგ ორკესტირებულ შეტევად აფასებს.

გარდა ამისა, თალაკვაძემ დღეს გაიმეორა ის, რასაც გუშინ მთელი დღე ამტკიცებდა მერი - რომ, აფრიკის დასახლებაში, იქ, სადაც სოციალურად გაჭირვებულებს სახლები ბულდოზერებით დაუნგრიეს, მიწები მიტაცებული იყო. 

ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა, რომ მამა-შვილს დავუნგრიეთ სახლი - ასე გამოეხმაურა კახი კალაძე აფრიკის დასახლებიდან გავრცელებულ ფოტოს გუშინ, შემდეგ კი ოჯახს ბინა აჩუქა.

კახი კალაძემ, თქვა ისიც, რომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს სხვა ბინებიც აქვთ და მათ ქონებას თვლის.

გუშინ კახი კალაძის ბრძანებით, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას სახლები დაუნგრია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი