
12-საათიანი ბლოკის მოხსნის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ზე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს სადაც აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაცემაზეა ორიენტირებული. ეს მიმართვა აღქმული იქნა, როგორც პირველი აღიარება არჩევნებში დამარცხებასთან დაკავშირებით.
"ახლა კონგრესმა დაადასტურა შედეგები, რომ 20 იანვარს ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია მოხდება. ახლა ჩემი ყურადღება გამახვილებულია ძალაუფლების მშვიდი, ორგანიზებული და შეუფერხებელი გადაბარების უზრუნველყოფაზე. ეს მომენტი მოითხოვს განკურნებას და შერიგებას", - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ მან "დაუყოვნებლივ განალაგა" ეროვნული გვარდია კაპიტოლუმზე შემოსევის განდევნისთვს, თუმცა ზოგიერთ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ყოყმანობდა ჯარის გაგზავნაზე.
მან ასევე შეაქო თავისი "მშვენიერი მომხრეები" და აღუთქვა, რომ "ეს ჩვენი წარმოუდგენელი მოგზაურობა მხოლოდ დასაწყისია".
ტრამპმა ვიდეო მიმართვაში, ასევე, თქვა, რომ ამერიკა იყო და ყოველთვის იქნება კანონის უზენაესობისა და წესრიგის ქვეყანა. მისივე განცხადებით, კანონდამრღვევბი პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
ტრამპმა თქვა, რომ ეს ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასასრულია. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.