
ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის პირველ ტვიტში მისი ექაუნთიდან ბლოკის მოხსნის შემდეგ დაგმო ის არეულობა, რომელიც მისმა რადიკალმა მომხრეებმა კაპიტოლიუმში მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ტრამპს Twitter-ზე 12-საათიანი ბლოკი ჰქონდა.
"როგორც ყველა ამერიკელი, მეც აღშფოთებული ვარ უკანონობის, ძალადობისა და არეულობის გამო”, - თქვა მან და კაპიტოლიუმზე თავდასხმას "შემზარავი" უწოდა.
ტრამპის განცხადებით, ვინც კანონი დაარღვია, ის ამის გამო პასუხს აგებს.
"ამერიკა არის და მუდამ იყოს კანონის უზენაესობის, წესრიგის ქვეყანა", - დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპმა ასევე, აღნიშნა, რომ ახლა ორიენტირებულია დემოკრატი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების უპრობლემოდ და მშვიდობიანად გადაბარებაზე.
"ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ჩვენი საოცარი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება", - მიმართა დონალდ ტრამპმა მომხრეებს.
დონალდ ტრამპის ტვიტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე ვაშინგტონში მომხდარი არეულობა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეილი მაკკენანიმაც დაგმო და განაცხადა, რომ კაპიტოლიუმთან მომხდარი "ამაზრზენია და ეწინააღმდეგება ამერიკულ ფასეულობებს".
აქვე, აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ სოციალური ქსელების ადმინისტრაციებს მოუწოდა, სამუდამოდ დაბლოკოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექაუნთები.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
ტრამპმა თქვა, რომ ეს ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასასრულია. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.
აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით:
ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის იძულებით გადაყენებაზე ინიციატივით გამოდის.