არასამთავრობო ორგანიზაცი "სამართლიანმა არჩევნები" აცხადებს, რომ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გასაცემად, გადაწყდა შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ხარვეზების ხელახალი, სიღრმისეული შესწავლა. ამ მიზნით მათ იანვრის პირველ ნახევარში, გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები - 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბნისა და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები.

ISFED-ის დასკვნით, საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% იყო.

"მეტობით დისბალანსი შეადგენს 8%-ს, მეტობითი დისბალანსისი გასწორება ხდებოდა სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა საშუალებებით, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, საქართველოში დამკვირდებულია მეტობითი დისბალანსისი გასწორების ძალიან მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს, არა ბალანსის საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას, არამედ ახსნა-განამრტებების საფუძველზე ამ ოქმების ცვლილებას. რასაც ჩვენ ვერ მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს", - ამბობს ორგანიზაციის გამგეობის წევრი, ბაია პატარაია.

გამგეობის კიდევ ერთი წევრის, თამარ სართანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შესწორება ნიშნავს, რომ კომისიის წევრს რამდენიმე დღის შემდეგ ახსენდება, რომ კონკრეტულ გრაფაში ნაცვლად რაღაც რიცხვისა, უნდა ჩაეწერა სხვა რიცხვი, ან ახსენდება, რომ ამომრჩევლების რაოდენობა არასწორად მიუთითა, რაც სანდოობის სტანდარტს ამცირებს. 

უფრო კონკრეტულად: 

  • საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში - საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა;
  • საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
  • საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
  • საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით;
  • საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე "სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით - აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა.

რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო ოქმებს, ISFED პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე. აქედან:

  • საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით;
  • საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით, არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
  • საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.

 შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიმართ კრიტიკა და კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაციამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ PVT-ში ხარვეზი გამოვლინდა და მონაცემები შეცვალა. 

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან. შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

მოვლენებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი