არ შეიძლება, ოპონენტებს დიალოგს სთავაზობდე მაშინ, როცა ოპოზიციის ლიდერი ციხეში გყავს გამოკეტილი - ექსკლუზიური ინტერვიუ რიჰო ტერასთან

გამოქვეყნდა:

დასავლეთი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაწყებული დიალოგის შედეგებს ელოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სანქციები დღის წესრიგიდან მოხსნილია. საქართველოს მოკავშირეები ახლა გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, რა პოზიციები ექნებათ მხარეებს მოლაპარაკებებზე და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ბრიუსელში ღარიბაშვილის გადამწყვეტ ვიზიტამდე. არ შეიძლება ოპონენტებს დიალოგს სთავაზობდე მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეში გყავს გამოკეტილი - ასე მიმართა "ოცნების" ხელისულებას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რიჰო ტერასმა.

მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ძალიან გამოცდილი დიპლომატია და მას ბევრი უმუშავია აღმოსავლეთის პარტნიორობის სფეროში. "იმედი მაქვს, მისი ძალისხმევა უკეთესობისკენ შეცვლის პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში".

რიჰო ტერასთან ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- "პირველ რიგში, მოდით მივცეთ შესაძლებლობა მხარეებს, რომ მშვიდობიანად გადაწყვიტონ ეს კონფლიქტი. ევროკავშირს აქვს კონკრეტული ფასეულობები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი დაცულია, მაშინ მოლაპარაკებები შესაძლებელია. თუმცა, ეს შეუძლებელია, თუ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია და მმართველი პარტია ოპოზიციის ოფისს არბევს. როგორ უნდა გაიმართოს მოლაპარაკება, თუ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია მაგიდასთან ვერ ჯდება? იმედი მაქვს, რომ ყველა შეძლებს მოლაპარაკებებზე დასწრებას და საქართველოს მომავლისთვის საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგრამ, თუ გაგრძელდა კანონის უზენაესობის დარღვევა და დემოკრატიის შელახვა, მაშინ ევროკავშირს ნამდვილად შეუძლია სხვა ბერკეტების მონახვა.

- რა არის ეს ბერკეტები, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხიდან არ გამოუშვეს, არ შეწყდა პოლიტიკური რეპრესიები, იფიქრებს ევროკავშირი სანქციერბის დაწესებაზე?

- ნება მომეცით, ამის შესახებ ნათლად განვაცხადო - ევროკავშირი არც ერთ მხარეს არ დაიკავებს. ვთვლით, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლის გზა არის დიალოგი და საერთო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე კანონის უზენაესობის დაცვა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება კი ამას ხელს ვერ შეუწყობს. თუ საკითხი ვერ მოგვარდა, მაშინ ევროკავშირი სხვა საშუალებებს გამოიყენებს, მაგრამ ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მთავარი დემოკრატიული ძალაა რეგიონში. ჩვენ დახმარება გვინდა და სწორედ ამიტომ დაინიშნა მისტერ დანიელსონი. გარედან ჩარევა არასწორია და რამდენიმე დღის წინ რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებული განცხადება სწორედ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო. ჩემი აზრით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მორალური მხადაჭერა არც ერთი მხარისთვის და არც ერთი ქართული პარტიისთვის არ არის მომგებიანი. ამიტომ, მოდით ერთად ვიპოვოთ გამოსავალი ამ ჩიხიდან და ერთმანეთს ნუ დავაპატიმრებთ.

მე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ და ასევე ამერიკის კონგრესის ორივე პალატასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას ვუჭერ მხარს. მე ვიცი, რომ ჩვენ ერთნაირად გვესმის მსოფლიოს პრობლემები და დემოკრატია. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად ერთად უნდა ვიმუშაოთ საქართველოში, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. მე სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ადრე, როდესაც ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური ვიყავი. ძალიან მომწონს საქართველო და ვფიქრობ, კარგად მესმის გარემოებები. სამწუხაროდ, პანდემია დღეს მოგზაურობაში ხელს გვიშლის, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო ისევ სწორ გზას დაადგეს", - ამბობს რიჰო ტერასი. 

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა "ოცნებისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებს. 

ამავე თემაზე:

ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1 მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი