
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ისინი ["ქართული ოცნება"] მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა "მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.
დღევანდელი მათი განწყობით ჩანდა რომ არ სურთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება. რითი ჩავა ღარიბაშვილი 16-ში ბრიუსელში, ცარიელი ხელებით ჩავა ნამდვილად. პრინციპში, უფრო დაამძიმებს მათ ვითარებას, თუ ისინი არაფრით არ ჩავლენ ბრიუსელში, ეს ხომ ცალსახაა. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს მეგობრებს, რომ მათთან თანამშრომლობა უბრალოდ ძალიან რთულია, - ამბობს აკო მინაშვილი.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დანიელსონის ვიზიტი დასრულდა და "მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ". მან ოპოზიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია ცარიელი ხელებით, ქუჩაშია დარჩენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ბრიუსელში სავსე ხელებით გაემგზავრება. რამდენიმე წუთში კი სპეციალური ბრიფინგი გამართა კრისტიან დანიელსონმა და საზოგადოებას ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივება შეატყობინა.
ამავე თემაზე:
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი დღეს, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.