სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დასრულდება ისეთი გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვისაა საჭირო.
ის იმედოვნებს, რომ საქმეზე პროკურატურა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ისე დასრულდება, როგორც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და საჭიროა ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის.
მე მოლოდინი მაქვს, რომ იქნება გონივრული გადაწყვეტილება მიღებული. მისი პატიმრობისთანავე მე ვთქვი, რომ არსებობს არაერთი სამართლებრივი გზა და ეს ბერკეტები არის პროკურატურის ხელში, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ ნიკა მელია იყოს თავისუფალი, არ იყოს პატიმრობაში, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეს ბერკეტები გამოიყენონ და იმედი მაქვს რომ ხელისუფლება და პროკურატურა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას",- თქვა ლომჯარიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელაის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესი 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შეამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ. მოგეხსენებათ, ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც არ ჰქონდა სხდომებზე დასწრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.