
"ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ცვლილებების პირას ვდგავართ, ამას შევეგუოთ ქალბატონო. ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა შევხედოთ ჩვენ ჩვენს თავებს?!", - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.
ნიკა მელია, მოსამართლისგან მისი ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, საქმის მასალებში მტკიცებულებად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ივანე გულიაშვილის ინტერვიუები მტკიცებულებად უნდა დამატებულიყო.
"რაც შეეხება კობახიძეს - სანამ თქვენ აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რომ მე ციხეში, სატუსაღოში უნდა წავსულიყავი, იყო ეს ასე თუ არ იყო? თქვა ეს თუ არა კობახიძემ, ხომ აღიარა სიამაყით?! თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ? ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ცვლილებების პირას ვდგავართ, ამას შევეგუოთ ქალბატონო. ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა შევხედოთ ჩვენ ჩვენს თავებს?! რას იტყვის თქვენი მეზობელი, თქვენი ნათესავი 20-25 წლის მერე, როგორი მოსამართლე იყავით? ამ საქმეზე ხო დადგინდება ჭეშმარიტება, ყველა შემთხვევაში. ეს ხომ ლაქად გაგყვებათ და გაგყვებათ? კობახიძე არის ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის პირადი ადიუტანტი, რომელმაც აღიარა, რომ გახარია ცუდი კაციაო, მე და ის შეთანხმებულები ვიყავით, რომ მელია დაგვეჭირაო... მოწმის სახით რომ არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ კობახიძე, თქვენს რეპუტაციას ხომ შებღალავს, მინიმუმ?", - თქვა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, ნიკა მელაის ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამრათლე ნინო ჩახნაშვილი მას. ამავე თემაზე: