
უკრაინა ქართული მხარისგან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს,
- ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.
უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი Facebook-ზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.
დღეს, 1 ოქტომბერს საღამოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
იხილეთ ასევე: