შიმშილობის აქციის პარალელურად, პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს

გამოქვეყნდა:

შიმშილობის აქციის პარალელურად, პარლამენტში სპეციალური შეზღუდვები დააწესეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დეპუტატების გარდა, არავის უშვებენ, მათ შორის არც იმ პირებს, ვისზეც საშვია დაშვებული.

ცოტა ხნის წინ შენობაში არ უშვებდნენ გოკა გაბაშვილს. ის პარლამენტში პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ გაბაშვილზე საშვი დაშვებული იყო, მას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ განმარტებას, მოგვიანებით კი გადაწყვეტილება შეცვალეს და მას შენობაში შესვლის შესაძლებლობა მისცეს.

"არანაირი განმარტება არ მოუციათ თავიდან. მე მოვედი ყველანაირი წესისა და კანონის დაცვით. რამდენიმე საშვი იყო დაშვებული, მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის. მე თვითონ რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, თბილისის საკრებულოს წევრი და არც მიფიქრია, რომ რამე პრობლემა შემექმნებოდა, რომ ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია მომენახულებინა. ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე მეუბნებოდნენ არას, შემდეგ ალბათ მედიის ჩართულობის გამო, შემომიშვეს", - თქვა გოკა გაბაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად დილიდან მიდიან. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ არაა გამორიცხული, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სხვებმაც მიმართონ.

"საზოგადოება თავად განსჯის, თუკი ადამიანის, პატიმრის უფლება იმდენად დაუცველია, რომ სხვა პატიმრების შემთხვევაში შესაძლებელია სამოქალაქო კლინიკებში გაყვანა, თუ ეს საჭიროება დადგა, რატომ არის შეუძლებელი მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში. ელენეს პროტესტიც სწორედ აქედანაა გამოწვეული,რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, როგორი ვითარებაა ქვეყანაში და ელემენტარული პრობლემის გადასაჭრელად, რატომ გვიწევს ასეთ ნაბიჯზე წასვლა", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

პარტია "დროას" ლიდერმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. მისი განცხადების შემდეგ, შიმშილობა დაიწყო  ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი გოგუაძემ. გარდა ამისა, გვიან ღამით პარლამენტთან 6 მოქალაქე მივიდა და პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას ისინიც შეუერთდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. როგორც დღეს ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილის ანალიზების მაჩვენებელი შემაშფოთებელია და ის დაუყოვნებლივ საჭიროებს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას.

ამავე თემაზე:

სისასტიკით იმეტებენ მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილოდ, იქნებ ამან გამოაფხიზლოს ხელისუფლება - ელენე ხოშტარია შიმშილობაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი