გორის ჰოსპიტლიდან განადგურებული მტკიცებულებების ავტორი "მთავარის" ობიექტივში მოხვდა. სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მრჩეველი დავით ღონიაშვილი, რომლის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ეტაპირების მცდელობის კადრები სწორედ მან წაშალა, კითხვებს არ პასუხობს.
საქმე ეხება, 27-დ დეკემებერს მომხდარ ფაქტს, როდესაც მესამე პრეზიდენტის განმარტებით, მასთან პალატაში ბადრაგი შევიდა და მაჯის საათი, ხელიდან ძალის გამოყენებით მოხსნეს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ღონიაშვილი რეალურად სუს-ის მიერ ჩანერგილი ე.წ. ოდეერია ჰოსპიტალში.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ღონიაშვილს არ იცნობენ.
ღონიაშვილი ჰოსპიტლის დირექტორის მრჩევლად მალხაზ ურთმელიძის პერიოდში მუშაობდა, თუმცა ურთმელიძე ამ თანამდებობიდან უკვე მოხსნეს. მან ინფორმაცია "მთავარს" თავად დაუდასტურა. ახლა უცნობია ვინ ხელმძღვანელობს გორის სამხედრო ჰოსპიტალს.
გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი წაშლილია სათვალთვალო კამერებიდან - ინფორმაცია ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ გუშინ გაავრცელა.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ეცნობიან ვიდეოჩანაწერის თითქმის სრულ ვერსიას. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მათივე თქმით, ჩანაწერებს აკლია 6 წუთი.
გარდა გლდანისა, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები დაინტერესებული იყვნენ სწორედ გორში, ე.წ. საათის ინციდენტის ჩანაწერითაც, რომელიც ამჯერად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის ასევე ძალადობრივ მცდელობას.
იხილეთ ასევე: