​უმჯობესია, თუ საქართველოს მხარდაჭერა არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ შეიარაღებაშიც გამოიხატება - რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამ ამოქმედდეს, სანამ კრემლი ქვეყანაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გონჩარენკომ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა ევროპაში შეჭრას ნიშნავს.

"რუსეთი ახლა ცდილობს ძალები ჩვენი ჩრდილოეთ საზღვრებთან მოაბილიზოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის მხარდაჭერა და ვფიქრობთ, სანქციების ამოქმედება რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, უკვე დღეიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ ამ ომში უკვე 8 წელია ვართ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისე, როგორც არავის, უნდა ესმოდეს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი, რისიც პუტინს ეშინია ეს ძალაა, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ დასავლეთი მკაცრ ზომებს მიიღებს და აგრესორს სათანადო ადგილს მიუჩენს.

ყველა ქვეყანა ახლა უკრაინის გვერდით უნდა იდგეს და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ გაბედოს სიტუაციის ესკალაცია და ევროპაში შემოჭრა. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა, ნიშნავს შეჭრას ევროპაში", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ.

რადას დეპუტატმა ასევე საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ საქართველო უკრაინაში შეიარაღებას გააგზავნის.

"რაც შეეხება საქართველოს, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველო არის საკვანძო ქვეყანა რეგიონში და გარდა ამისა, უკრაინელებისთვის ქართველი ხალხი განსაკუთრებულად გამორჩეულია.

როცა 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინამ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს. ჩამოსული იყო ჩვენი პრეზიდენტი და იდგა თავისუფლების მოედანზე თბილისში, ახლა რუსეთი უკრაინას უტევს და ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. უმჯობესია, თუ თქვენი მხარდაჭერა გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ შეიარაღებაშიც", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ.

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.

"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება" | ევროპული საბჭოს განცხადება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი