"რაც უკრაინაში ვნახე, ეს არის თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად ახალი სიმამაცე, ღირსება და სიყვარული" - ამის შესახებ СNN-თან ინტერვიუში ცნობილმა მსახიობმა შონ პენმა ისაუბრა. მსახიობი კიევში ომის დაწყებამდე გადამღებ ჯგუფთან ერთად დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა და რუსული არმიის ქვეყანაში შეჭრის დროსაც იქ იყო.
ის ზელენსკის ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე და ომის დაწყების შემდეგ შეხვდა, მან თქვა, რომ არ იცის ხვდება თუ არა, რომ სწორედ ამ დღეებისთვის იყო დაბადებული.
"რაც მე ვნახე ეს იყო თანამედროვე მსოფლიოსთვის რაღაც სრულიად ახალი სიმამაცე, ღირსება და სიყვარული, რომელიც ამ ადამიანიდან მოდის და სწორედ ამით გააერთიანა ქვეყანა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ პუტინმა თავისი ქმედებებით ამას ძალიან შეუწყო ხელი.
არ მგონია ეს მალე დასრულდეს, იმიტომ, რომ თუნდაც პუტინმა მიაღწიოს თავისას, აქ დაუსრულებელი აჯანყებები იქნება. ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ბატონი პუტინი გამოსავალზე ფიქრობდეს", - თქვა შონ პენმა
მისივე შეფასებით, უკრაინაში თავს დაესხნენ ადამიანის უფლებას რომ ჰქონდეს თავისუფლება და ისინი თავიანთი სიცოცხლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
"მე ახლა ამერიკაზე ვფიქრობ, მე არ ვიცი გამოიწვევს თუ არა არასაფრენი ზონის გამოცხადება ბირთვულ ომს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ჩავდოთ, რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ დაგვრჩება კარგი მოგონება ამერიკის შესახებ", - თქვა მსახიობმა.
ცნობისთვის, უკრაინაში უკვე მე-12 დღეა ომია. რუსეთი ქალაქებს, სამოქალაქო პუნქტებს, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.