უკრაინის მთავრობა უარყოფს რუსეთის მიერ წამოყენებულ იდეას, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აკეთებს
"ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, დარჩნენ საინიციატივო მხარედ მოლაპარაკების პროცესში. აქედან მოდის სიტყვები ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელის შესახებ. მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთთან. აქედან გამომდინარე, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. არა სხვა მოდელები და ვარიანტები", - თქვა პოდოლიაკმა.
ის აღნიშნავს, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს. მისი თქმით, ხელმომწერები თავდასხმის შემთხვევაში ისე არ უნდა იდგნენ განზე, როგორც ეს დღეს ხდება და უკრაინას საჭირო იარაღი უნდა მიაწოდონ.
"უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხმება, ან გეგმავს შეტევას მეზობლებზე... სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინას სურს ჰყავდეს მართლაც ძლიერი მოკავშირეები უსაფრთხოების მკაფიოდ განსაზღვრული გარანტიებით", - თქვა მან.
ლავროვის მტკიცებით, უკრაინასთან მოლაპარაკებებში ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება. მისივე მტკიცებით, მოლაპარაკებებზე არის "კონკრეტული ფორმულირებები", რომლებიც მისი აზრით, ახლოსაა შეთანხმებასთან.