შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აფასებენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ G20-ში. ამის შესახებ Reuters-ს დისკუსიაში ჩართულმა წყაროებმა განუცხადეს.
წყაროების ცნობით, იმის ალბათობა, რომ რუსეთის გარიცხვის მცდელობას, შესაძლოა, ვეტო დაადონ სხვა წევრებმა (ჯგუფი მოიცავს ჩინეთს, ინდოეთს, საუდის არაბეთს და სხვებს) ზრდის პერსპექტივას, რომ ზოგიერთი ქვეყანა წელს G20-ის შეხვედრებს გამოტოვებს.
"იყო დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთისთვის G20-ის ნაწილი იყოს" - თქვა G7-ის მაღალჩინოსანმა წყარომ.
ევროკავშირის წყარომ ცალკე დაადასტურა რუსეთის სტატუსის შესახებ დისკუსიები G20-ის მომავალ შეხვედრებზე, რომლის მონაცვლე თავმჯდომარე ამჟამად ინდონეზიაა.
"ინდონეზიას ძალიან მკაფიოდ უთხრეს, რომ რუსეთის ყოფნა მომავალ მინისტერიალებზე ევროპული ქვეყნებისთვის უაღრესად პრობლემურია", - თქვა წყარომ და დასძინა, რომ, არ არსებობს რაიმე მკაფიო პროცესი ქვეყნის გამორიცხვასთან დაკავშირებით.
G7-ის წყარომ თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინდონეზია, რომელიც ამჟამად G20-ს ხელმძღვანელობს, ან ისეთი წევრები, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი, დათანხმდნენ რუსეთის ამოღებას ჯგუფიდან. ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
Reuters-ის ცნობით, სამშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა აშშ-ს ოფიციალურ პირებს, რომ შეცვალოს რუსეთი G20 ჯგუფში და რომ შეთავაზებაზე მიიღო "პოზიტიური პასუხი".
ცნობისთვის, G20 არის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმი. რუსეთი G7-ის წევრიც იყო, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გააძევეს.