CNN-ის ცნობით, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა PBS Newshour-ს გუშინდელ ინტერვიუში, თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ქვეყნის არსებობას დაემუქრება - და არა უკრაინაში მიმდინარე ომში.
პესკოვი ამბობს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეული იქნება და რომ ამაში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ "ოპერაციის ნებისმიერი შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი".
ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობდა თუ არა პუტინი წარსულში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მის გამოყნებას, იმ შემთხვევაში, თუ მესამე მხარე ჩაერთვებოდა კონფლიქტში, პესკოვმა უპასუხა - "არა, მე ასე არ ვფიქრობ. არ მგონია".
პესკოვმა თქვა, პრეზიდენტმა გააფრთხილა სხვები, რომ არავინ ჩარეულიყო კონფლიქტში, მისი თქმით, თუ ეს მოხდება, რუსეთს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა ეს თავიდან აიცილოს და დასაჯოს ისინი, ვინც ჩარევას დააპირებს.
"ოპერაციის ნებისმიერი შედეგი (უკრაინაში), რა თქმა უნდა, არ არის ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ მხოლოდ მაშინ, როცა არის სახელმწიფოს არსებობის საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. და რეალურად გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღს თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ და დასავლეთმა რუსეთს ფართომასშტაბური სანქციები დაუწესეს, რის შემდეგაც, პუტინი ბირთვული იარაღით დაიმუქრა.
ამის შემდეგ უკრაინულმა მხარემ თქვა, რომ პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება და NATO-ს მოუწოდა მოქმედებისკენ.
პუტინის საპასუხო განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმაც "საშიში და უპასუხისმგებლოა" - სტოლტენბერგი პუტინის მუქარაზე.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა განაცხადა, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნაზე გარემოცვა გააფრთხილა, თუმცა მას ხელს შეუშლიან.