ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5-6 ივლისი მოვლენებზე, განსახილველად დაარეგისტრირა საქმე - "თბილისი პრაიდი" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.

"აღნიშნული საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს - ძალადობრივი ჯგუფების მიერ "ღირსების მარშის" ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.

მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.

მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე", - წერია "თბილისი პრაიდის" განცხადებაში.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგეს მომჩივნების დარღვეული უფლებები და სახელმწიფოს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა მისი უმოქმედობისათვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი