ბუჩასა და სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება - EU

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენნი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ.

ევროკავშირის განცხადებით, პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ომი.

"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შემზარავი კადრები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.

ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენნი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი", - წერს ევროკავშირი. 

უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი