უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსი ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულება ამბობს, რომ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების გარდა რუსეთს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცება სურს. მათ შორისაა მარიუპოლი და ხერსონი.
"უკრაინამ მოიგო ბრძოლა კიევისთვის მაგრამ ომი გრძელდება. ვემზადებით რუსების სრულმასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის აღმოსავლეთში. ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობას შეეცდებიან. ისევე როგორც შეეცდებიან გამაგრდნენ ხერსონში და მიიტაცონ სისხლისგან დაცლილი მარიუპოლი. ის საშინელებები რაც ბუჩაში ვნახეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია იმ დანაშაულებების, რაც რუსეთის ჯარმა ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა. მარიუპოლში ვითარება გაცილებით მძიმეა იმასთან შედარებით, რაც ვნახეთ ბუჩასა და სხვა ქალაქებში. ბუჩას, მარიუპოლის და სხვა ქალაქების საშინელებები მოითხოვს სერიოზულ სანქციებს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირისგან", - ამბობს დმიტრო კულება.
უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს ბუჩაში, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებით სავსე იყო ქუჩები, მათ ეტყობოდათ წამების კვალი, ჩანს, რომ ნაწილის დაწვა სცადეს.