აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ არ შეუძლია დაადასტუროს ან ისაუბროს იმ ბრალდებაზე, რაც საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა. კითხვა მას "მთავარი არხის" ჟურნალისტმა დაუსვა.
"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ დავადასტურო ან ვისაუბრო თქვენს მიერ ხსენებულ ბრალდებებზე. ჩვენ ამაზე გასულ კვირასაც ვისაუბრეთ, რომ ომზე, საქართველოს მოსახლეობის მოგონებები ჯერ ისევ ახალია, მოგონებები იმაზე, რას ნიშნავს იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი, მათ შორის, რუსეთის მხრიდან, სუვერენული ტერიტორიის ჩამორთმევის მცდელობების შესახებ. რაც შეეხება სანქცირების თემას, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართების გარეშე გეტყვით, რომ ის ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ან კრემლის ომის დახმარებას ფინანსური გზებით თუ იარაღის მიწოდებით, პასუხს აგებენ ყველა ამ ქმედებისთვის და ყველა იმ ქმედებისთვის, რომელიც მოსკოვს ომის წარმოებაში დაეხმარება", - თქვა პრისმა.
ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა.