უკრაინულ მხარეს ვთხოვთ უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს ნარატივების ტირაჟირებას - დარსალია

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უკრაინულ მხარეს სთხოვს "ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით" ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას.

მან გუშინ, სამინისტროში, უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიპლომატს ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ ჰქონია.

"ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე", - ამბობს დარსალია. 

მისი განცხადებით, უკრაინელ დიპლომატს მიეწოდა აღნიშნულ საკითხზე შესაბამის უწყებების პოზიციები და სუს-ის მხრიდან დამატებითი განმარტებებიც გაკეთდა.

"სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ, უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე, მსგავსი ტიპის განცხადებები 2 ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას. 

ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის", - თქვა ლაშა დარსალიამ. 

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ თუ უკრაინა მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს საჯაროდ, იმავე წყაროებითა და ფორმით უარყონ "აბსურდული განცხადებები". 

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინას მოუწოდებს აღნიშნულზე მტკიცებულებები მიაწოდოს, ან ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა.

დღეს განცხადება გააკეთა დმიტრო კულებამ - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი