შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, სავარაუდოდ, საბოლოოდ აშშ დაადგენს, რომ უკრაინაში რუსეთმა გენოციდი ჩაიდინა. CNN-თან ინტერვიუში ნულანდმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა "გულწრფელი ემოციით ილაპარაკა", როცა მან უკრაინაში მომხდართან დაკავშირებით სიტყვა გენოციდი ახსენა.
ნულანდის თქმით, აშშ აგროვებს მტკიცებულებებს, რათა მთავრობამ ოფიციალურად უწოდოს უკრაინაში მომხდარს გენოციდი.
"ვვარაუდობ, რომ ის რაც ბაიდენმა უწოდა [უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას] არის ის, რასაც ჩვენ საბოლოოდ ვიპოვით, როცა შევძლებთ მტკიცებულებების შეგროვებას. ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ მისი ძალების მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა",-თქვა ნულანდმა.
კითხვაზე, რატომ არ იქონია სანქციებმა შემაკავებელი გავლენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, ნულანდმა თქვა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ პუტინს "არ აინტერესებს თავისი ხალხი ან მისი ქვეყანა, მას მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიცია აინტერესებს".
"ის ვერ ხედავს, რომ ის, რასაც აკეთებს, არის არა მხოლოდ უკრაინის ნანგრევებად ქცევა, არამედ რუსეთის ციხედ ქცევა",-თქვა მან.
ამავე თემაზე: