
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამიას პასუხობს და ამბობს, რომ მან "ქართველი იანუკოვიჩი" საკუთარ ხელისუფლებაში უნდა მოიკითხოს. კობახიძის განცხადებით, "კრიმინალი სააკაშვილი" დღემდე უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა.
"ტერმინი გამოიყენა ქართველი იანუკოვიჩი, მე მინდა მას ვუთხრა, ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული და შემდეგ ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში", - თქვა კობახიძემ.
25 აპრილს უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილზე და მის ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარია და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში საქართველო რუსეთის სასარგებლოდ ჩაერთოს.
არახამიამ განაცხადა, რომ - "დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს".