
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის Facebook პოსტს გამოეხმაურა, სადაც კახა სამხარაძემ დაწერა, რომ მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ, ქვეყნის მტრები და სი*ები არიან.
კალაძემ თქვა, რომ პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ამავე დროს თანამშრომლებს მოუწოდა, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
"გუშინ კახა სამხარაძეს სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული თავის პირად გვერდზე. მე გუშინ გავაკეთე განმარტებები ამასთან დაკავშირებით, ეს მისი პირადი სივრცეა, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება რაღაცები არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ვიღაცა შეიძლება უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაცა უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, პირად სივრცეში, ხელშეუხებელია.
თუმცა, ზოგადად ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებით. ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ ეს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ, კიდევ ვიმეორებ, ყველას გაქვთ თქვენს პირად სივრცეში თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება, ამას ვერავინ შეეხება, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ", - თქვა კალაძემ.
ამავე თემაზე: