
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ რეზერვის ოფიცრების პირადი საქმეები რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა - ამ სათაურით ავრცელებს უკრაინული გამოცემა Unian სტატიას "მთავარი არხის" სკანდალურ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო, პირადი დოკუმენტების გაჟონვას ეხება.
გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც გამოძიება გამოაქვეყნეს, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულეს და თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ჟურნალისტების მიზანი "ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევა იყო".
"ქართულმა ოპოზიციურმა ტელეკომპანია "მთავარმა" გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ამტკიცებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეეძლო, რომ რუსეთისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ყოფილი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.
სავარაუდოდ, ქართველი სამხედროების პირადი საქმეები ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურას" ჩაუვარდა ხელში, ფოტოები ლისიჩანსკის მახლობლად უკრაინის ყოფილი სამხედრო სასწავლო ბაზაზე აღმოჩნდა.
საუბარი იყო, კერძოდ, ქართველი ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის საბუთებზე, რომელიც 2017 წლიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს",- წერს Unian.
უკრაინული მედია წერს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახური შეამოწმებს, არის თუ არა მედია კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები ნამდვილად პირადი საქმე და როგორ იქნა აღმოჩენილი.
ამავე თემაზე: