დღეს მთლიანად ჩამოშლილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი - უდუმაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაგვიანონსა ყველას, რომ გაგებით უნდა მოვკიდებოდით, რომ ქვეყანაში კრიმინალი გამეფდებოდა და ზუსტად შეასრულა ეს დანაპირები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა შსს-სთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

უდუმაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილს ეხმაურება. ამბობს, რომ 23 წლის ქალის გადარჩენა შესაძლებელი იყო და სამართალდამცველებს ის ამ ოთხი დღის განმავლობაში უნდა ენახათ. 

ის, რაც დღეს მოხდა, რომ ხალხი შეიკრიბა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ბუნებრივი რეაქციაა იმ განუკითხაობაზე, რომელიც უკვე რვა წელია, ქვეყანაშია. თუმცა, გასაკვირი არაფერია. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაგვიანონსა ყველას, რომ გაგებით უნდა მოვკიდებოდით, რომ ქვეყანაში კრიმინალი გამეფდებოდა და ზუსტად შეასრულა ეს დანაპირები. დღეს ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისა და კრიმინალის სიმბიოზი, რომელიც მართავს ქვეყანას და რომელსაც კიდევ აქვს სურვილი, მართოს ქვეყანა. მაგრამ ასე არ მოხდება, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ძალიან მალე. ჩვენ რა მივიღეთ, სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად ჩამოშლილი, პოლიცია, რომელიც დღეს უნდა ზრუნავდეს ხალხის უსაფრთხოებაზე, ამის მაგივრად დაკავებულია იმით, როგორ უნდა ჩაფარცხოს ყველაზე ხმაურიანი და რეზონანსული საქმეები. და ბოლო ამბავი, 23 წლის გოგოს ამბავი. ოთხი დღის განმავლობაში, ვერ მიაკვლიეს ახალგაზრდას, რომელიც ხელის გულზე იდო, უბრალოდ უნდა განძრეულიყვნენ და მისულიყვნენ და ენახათ, რომ შეიძლებოდა ამ ბავშვის გადარჩენა, მაგრამ არა. იმიტომ რომ დღეს მთლიანად ჩამოშლილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათ შორის პოლიცია, - ამბობს უდუმაშვილი. 

ხმაურიანი საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიცია დემონსტრანტებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სიმობლურად, რამდენიმე წამით გადაკეტვა დააპირეს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ფარულავას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, ესენი არიან: მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ოთო შენგელია და აქციის ორი მონაწილე - ლაშა ცუცქირიძე და ზვიად კუპრავა.

ახალგაზრდული ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ძალოვან უწყებასთან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარებისა და გაუხსნელი საქმეების სიმრავლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. 

გუშინ, 21 ივლისს კი, თბილისის ზღვაზე, 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი აბრები, შესაბამისად ტერიტორია მეტ წილად დაუცველია. 

ასევე გასულ კვირას, 19 ივლისს, ქუთაისში 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა, პასუხი არავინ გასცათ. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის 2 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. 

უკვე 1 თვეზე მეტია კი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, დღემდე იკითხებიან საქმის სხვა და სხვა ფიგურანტები.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი