"დაუშვებელია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება" | მწერალთა სახლი

გამოქვეყნდა:

რუსულ კანონთან დაკავშირებით, მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ დაუშვებელია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და მოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება.

,,მწერალთა სახლს" დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება.

ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს.

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, იუნესკოს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" მხარდაჭერით და აშშ-ის საელჩოს გრანტითაა შექმნილი.

მივიჩნევთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" რუსულ კანონს, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.  ოპოზიცია ითხოვდა, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო. ოპოზიციონერი კაცები პარლამენტში მობილიზებულმა სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლებმა, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. იქამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

მანდატურებმა დარბაზში არ შეუშვეს პროტესტის მონაწილეები, სამაგიეროდ უპრობლემოდ შევიდნენ 
"ქართული ოცნების" პროპაგანდისტები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი