"მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმარ გიორგი რურუას არ შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც აფასებს. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ შეწყალებაზე გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ჩარევით მიიღო.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტის უარი რურუას შეწყალებაზე ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოეცალა. ნათელაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისგან, რომელმაც ციხიდან გამოუშვა პოლიციის მკვლელები და პედოფილები, განცხადება რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, ტრაგიკული იუმორია.
სასამართლომ განაჩენი პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეზე არა საქართველოს სახელით გამოიტანა არამედ ივანიშვილის სახელით, ასეთი იყო სალმოე ზურაბიშვილის განცხადება. ეს არ იყო დამოუკიდებელი ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადება ეს იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის სახელით, - თქვა "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ.
ბურჯანაძე "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ რურუას ის დანაშაული, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული არ ჩაუდენია.
სწორედაც, რომ ქართული ოცნების ჩარევით მიიღეს მოსამართლეებმა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს მოსამართლეებმა რურუასთან დაკავშირებით და ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ზეწოლა. აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გვარს და სახელს, ვის ოდესმე რა პრეტენზია ჰქონია ან სმენია ამ ადამიანთან დაკავშირებით, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანი შეიძლება დააპატიმრო და მიუსაჯო იმ დანაშაულისთვის რომლეიც მას ჩადენილი აქვს, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
პარტია "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური გარემოს დამშვიდებისთვის არანაირი პოზიტიური წვლილის შეტანა არ შეუძლია.
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილს არანაირი პოზიტიური წვლილის შეტანა ქართული პოლიტიკური მოცემულობის დამშვიდებაში არ შეუძლია, ეს არის დესტრუქციული ელემენტი, რომელიც უგულვებელჰყოფს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, კონგრესმენების, სენატორების პირდაპირ მოწოდებას, იმის შესახებ, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, - თქვა საბა ბუაძემ.
გუშინ, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციამ შეაფასა, როგორც ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება.
ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.
საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.