ჯერჯერობით, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, ერთი დიდი ტყუილია - ზაზა ბიბილაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ჯერჯერობით, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არის ერთი დიდი ტყუილი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა

ბიბილაშვილი ვერ იხსენებს ვერც ერთ რეზონანსულ საქმეს, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ ჯეროვნად გამოიძია. ერთ-ერთ მაგალითად მას სამარ ჩოკუტაევის პრეცედენტი მოჰყავს. შეგახსენებთ, რომ საუბარია 2013 წელს ინტერნეტსივრცეში ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს ატვირთვაზე. 

ბიბილაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა იყენებს რუსულ სქემებს, იგონებს ალტერნატიულ რეალობას, ამუშავებს რაღაც კლიშეებს და ამით მართავს ქვეყანას. 

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიბილაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო სტურუქტურებისადმი ნდობა ნულის ტოლია. მისი თქმით, ბაჩალიშვილის საქმეში უმნიშვნელოვანესი კითხვა ისაა, თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, რატომ? 

ჯერჯერობით, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არის ერთი დიდი ტყუილი. რეალურად, ამ გოგონას ეძებდნენ 5 დღის განმავლობაში, თითქოს მთელი ტერიტორია მოიცვეს, მაგრამ როცა ოჯახმა აქცია გამართა, მხოლოდ იმ დილას აღმოჩნდა, რომ გზის პირზე იყო მანქანა დაპარკინგებული, რაც არადამაჯერებელია, რადგან იქამდე უნდა ენახათ. ყველა ეტაპზე არის ჩავარდნა, არც ერთ ეტაპზე არ არის სარწმუნო ის ვერსია, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, ჩვენ არ შეიძლება ვიცოდეთ, რა არის სწორი ვერსია ამ შემთხვევაში, მაგრამ ის, რომ ჩვენ გვატყუებენ, ეს არის დღესავით ნათელი, - ამბობს ბიბილაშვილი.

მისი თქმით, ეს ხელისუფლება პირველად რომ იტყუებოდეს, კიდევ  ვიფიქრებდით, რომ საქმე რაღაც სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება, თუმცა იგი აქ ეროსი კიწმარიშვილის საქმეს იხსენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მოკლული იპოვეს. შეგახსენებთ, რომ ეს საქმე საგამოძიებო ორგანოებმა თვითმკვლელობის მუხლით დახურა. 

ბიბილაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამ საქმეში ხელისუფლების მოკავშირე ის მომენტია, რომ იმდენად ბევრი სამწუხარო ამბავი ხდება ბოლო პერიოდში, რომ ეს ამბები ერთმანეთს ფარავს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი