უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინა მოსკოვზე ტერორისტულ თავდასხმაში დაადანაშაულა.
პოდოლიაკის თქმით, ტერორიზმი დღეს რუსეთის მთავარი ატრიბუტია და მალე ამას მსოფლიო ოფიციალურად აღიარებს.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააცნობიეროს, რომ ტერორისტული თავდასხმა არის, როცა 16 თვის განმავლობაში მიზანმიმართულად ისვრი ფრთოსან/ბალისტიკურ რაკეტებს საცხოვრებელ უბნებსა და ხალხმრავალ პიცერიებში, ტერორისტული თავდასხმა არის, როცა არტილერიით ანადგურებ ქალაქ ბახმუტს, როცა დემონსტრაციულად აფეთქებ კახოვკას ჰესს, როცა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ეშმაკები დემონსტრაციულად კლავენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს.
ტერორიზმი დღეს რუსეთის მთავარი ატრიბუტია და მალე რუსეთის ფედერაცია ამ სტატუსს დე იურე მიიღებს, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საინფორმაციო ეპოქაში, როცა რუსების დანაშაულებები აშკარაა", - წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, რუსეთის ინფორმაციით, 4 ივლისს დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა "ახალ მოსკოვში" ორი დრონი წყობიდან გამოიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი ჩამოაგდეს კალუგის ოლქში. მოგვიანებით რუსულმა მედიამ დაწერა, რომ მოსკოვზე დრონებით შეტევის კიდევ ერთი მცდელობა იყო და "ახალ მოსკოვში" საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდო.
იხილეთ: