"მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატები დღეს, 28 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც რურუას უდანაშაულება მტკიცდება.
დღეს გავასაჩივრებთ მოსამართლე ვალერიან ბუგინაშვილის პოლიტიკურ განაჩენს, ეს განაჩენი არის გაჯერებული ტყუილებით, რიგ შემთხვევებში დაცვის მხარის მოწმეებს მოსამართლე აბრალებდა ისეთ რამეს რაც ფიზიკურად არ უთქვამთ, ხოლო როცა პოლიციელები გამოვიჭიერთ ტყულში ამაზე ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია. მოსამართლემ საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რურუას ხელის კვალი არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლ იარაღზე, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ისინი განაჩენის გაუქმებას მოითხოვენ, მაგრამ არ აქვთ მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლოში ბუგიანიშვილზე მიუკერძოებელი და ობიექტური მოსამართლეები დახვდებიან.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
2020 წლის 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. 8 მარტის შეთანხმებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაკავებული ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.
მიუხედავად 2 პოლიტპატიმრის შეწყალებისა, 31 ივლისს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს და მასზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს. ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები:
აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, ელჩმა, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ... მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება - ასე გამოეხმაურა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი გიორგი რურუას განაჩენს.
საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.