ირაკლი კობახიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს დღესაც ოპოზიციის პროვოკაციას უწოდებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, გუშინდელის მსგავსად,  ჟურნალისტების ცემის ფაქტს ოპოზიციური პარტიების მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. 

გვინდა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის სახელით გამოვხატოთ შეშფოთება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო, ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა, - თქვა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის გარდა, ინციდენტს ეხმაურებიან "ოცნების" სხვა წევრებიც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ყველა პირი, ვინც ძალადობაში მონაწილეა პაუხისმგებლობაში უნდა მიეცეს. 

"ყველა ფაქტზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებთან მიმართებაში, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, აუცილებლად უნდა წარიმართოს შესაბამისი პროცედურა, შესაბამისმა უწყებებმა აუცილებლად უნდა გასცენ ყველაფერს პასუხი. გამოიკვეთოს, კონკრეტული პირი, ვინც გამოიკვეთება - პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს"- ამბობს ანრი ოხანაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენლები დედას აგინებდნენ "ოცნების" აქტივისტებს 4 მეტრის დაშორებით. 

"ძალადობა ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს, როგორი თქვენი მხრიდან პროვოკაციული მოქმედებაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი. იქ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან დედის გინება 4 მეტრის მოშორებით, ჩვენი პარტიული აქტივისტების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ შეიძლება იყოს, არ ამართლებს არავის მიმართ არანაირ ძალადობას არაფერი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუვალი, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

აქვე, "ქართულმა ოცნებამ" მარნეულში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გუშინვე გაავრცელა, მაგრამ ადგილზე დაშავებული "მთავარი არხის" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტები არ ახსენა. ეს მაშინ, როცა ადგილზე  "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაზიანდა "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი